English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ლია თოთლაძე
დიფუზიური ინდექსი საქართველოსთვის: წინმსწრებ ეკონომიკურ ინდიკატორთა შერჩევა

(ვრცელი რეზიუმე)

ეკონომიკის ციკლური ბუნება უბიძგებს მეცნიერ-მკვლევარ და პრაქტიკოს ეკონომისტებს, ეძიონ ადრეული სიგნალები, რომლებიც მოასწავებს ეკონომიკის აღმავლობას თუ დაცემას. ამგვარ მაჩვენებლებს განეკუთვნება წინმსწრები ინდიკატორები. წინმსწრებ ინდიკატორებს შეიძლება მივაკუთვნოთ მაკრომაჩ-ვენებლები, რომლებიც იცვლება იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც იცვლება მთლიანად ეკონომიკა, მაგრამ გარკვეული პერიოდით ადრე (ეს პერიოდი შესაძლოა მერყეობდეს 3-დან 9 თვემდე). წინმსწრებ ინდიკატორთა საფუძველზე აგებული დიფუზიური ან კომპოზიტური ინდექსები კი,  მათი თვისებების გამო, შეიძლება საკმაოდ წარმატებით იქნეს გამოყენებული  საპროგნოზოდაც.

სტატიაში შევეცადეთ, შეგვერჩია ინდიკატორები დიფუზიური ინდექსისათვის საქართველოს მაგალითზე. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ინდიკატორთა შერჩევა ინდივიდუალურია ყველა ქვეყნისათვის და დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე.

წინმსწრებ ინდიკატორთა მეთოდოლოგია შემუშავებულია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეიმუშავეს ამერიკელმა მეცნიერებმა ბერნსმა და მიტჩელმა (NBER). თავდაპირველად ინდიკატორები გამოიყენებოდა ბიზნესციკლების პროგნოზირებისათვის. დღეისათვის  ინდიკატორთა  შერჩევა, გაანგარიშება და გამოყენება ხორციელდება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე OEC და ევროკავშირის ქვეყნებისათვის.

მეთოდოლოგიურად ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად შეირჩეს წინმსწრები ინდიკატორები (მაგალითად, აშშ-სათვის 10 ძირითადი მაჩვენებელია, ევროკავშირის ქვეყნებისათვის 5 ან 6). ხშირ შემთხვევაში მაჩვენებლები ეყრდნობა კვლევებს (მაგალითად, სამომხმარებლო ნდობის ინდექსი). ზოგიერთი ქვეყნისათვის განსაზღვრულ ინდიკატორთა ნაკრებში განიხილება არა მხოლოდ ეკონომიკური შინაარსის მაჩვენებლები, არამედ ფსიქოლოგიურიც, რომლებიც აღწერს მომხმარებელთა ქცევას, მოლოდინებს და ა.შ.

ნაშრომში განხილულია აგრეთვე წინმსწრებ ინდიკატორთა საფუძველზე დიფუზიური ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგია. ზოგადად, დიფუზიური ინდექსი ზომავს პროპორციებს ეკონომიკაში მომხდარ ცვლილებებს შორის. მისი გაანგარიშება კი ხორციელდება ეტაპობრივად. თავდაპირველად შეირჩევა შესაბამის მაჩვენებელთა დროითი მწკრივები (ცხადია, დროითი მწკრივების დონეების რაოდენობის ზრდა გაზრდის ინდექსის საპროგნოზო თვისებებსაც).

პირველ ეტაპზე გაანალიზდება, მაჩვენებელი გაიზარდა, შემცირდა თუ საერთოდ არ განიცადა ცვლილება. შემდეგ ეტაპზე მაჩვენებლებს ენიჭება მნიშვნელობები. ინდექსს, რომელიც გაიზარდა 0,05%-ზე მეტად, ენიჭება მნიშვნელობა 1, ინდექსს, რომელიც შეიცვალა  0,05%-ზე  ნაკლებად, მნიშვნელობა  _ 0,5, ხოლო მაჩვენებელს რომელიც შემცირდა 0,05%-ზე მეტად _ მნიშვნე¬ლობა 0. შემდგომ ეტაპზე ჯამდება დროითი მწკრივის შესაბამისი კომპონენტები და იყოფა მათ საერთო რაოდენობაზე, ბოლოს კი მრავლდება 100-ზე.  მიღებული მაჩვენებელი წარმოადგენს დიფუზიურ ინდექსს, რომლის ცვალებადობაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეკონომიკური აქტივობის ზრდისა თუ კლების შესაფასებლად.

ბერნსისა და მიტჩელის მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დიფუზიური ინდექსის გაანგარიშებას აღნიშნული მეთოდით, ჩვენ შევარჩიეთ  ინდიკატორები საქართველოსათვის:  სამომხმარებლო ფასების ინდექსი, მონეტარული აგრეგატი (M1),  საპროცენტო განაკვეთის სპრედი, წინმსწრები კომპოზიტური ინდექსი OECD ქვეყნებისათვის, ტრანსაქციები უძრავი ქონების შეძენაზე, სამომხმარებლო ნდობის ინდექსი.

აღნიშნულ ინდიკატორთა საფუძველზე (მონაცემები მოიცავდა დროით მწკრივებს 40 დაკვირვების წერტილით 01.012012-დან 01.04.2015-მდე) გავიანგარიშეთ დიფუზიური ინდექსი  საქართველოსთვის. გაანგარიშების შედეგები გრაფიკულად წარმოდგენილია ნახაზზე:

 

დიფუზიური ინდექსის გაანგარიშების შედეგებმა გვიჩვენა, რომ ეკონომიკა ფართოვდება.

კვლევაში შევეცადეთ, გაგვეანგარიშებინა ინდექსი საქართველოსთვის, რომელიც შესაძლებელია წარმატებით იქნეს გამოყენებული საპროგნოზოდ. ცხადია, გაანგარიშებები ატარებს ექსპერიმენტულ ხასიათს, მაგრამ მათი რეგულარული გამოყენება შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელთათვის. დიფუზიური ინდექსი, რომელიც გაანგარიშებულია სტატისტიკური ინფორმაციის ბაზაზე  ეკონომიკური აქტიურობის თვალსაჩინო სურათს გვაძლევს.